გიორგი ცუცქირიძე: იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ჩვენთან 80% გარედან იმპორტირებული ინფლაციაა
ჩვენთან 80% გარედან იმპორტირებული ინფლაციაა, იმის გამო, რომ ძირითადად, არა მხოლოდ ენერგომატარებლების იმპორტიორები ვართ, არამედ ცალკეული სასურსათო და სამომხმარებლო პროდუქციისაც, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძემ ინფლაციის შესახებ არსებული მონაცემები შეაფასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. ეკონომისტის თქმით, ინფლაცია გლობალურად მაღალია და მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია.
„იცით, რომ ინფლაცია საკმაოდ მაღალი იყო იანვარ-თებერვალში, 13. 3%-ზე მეტი, არც ახლაა ნაკლები, 11 %-ზე ცოტა მეტია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები უნდა განვსაზღვროთ: ის, თუ რა ხდება რეგიონში და გლობალურად; ინფლაციის ინდექსი გაზრდილია თუ არა. ამ ინფლაციის მთავარი გამომწვევი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია, რომელმაც ენერგომატარებლებზე ფასის ძალიან მაღალი ზრდა, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა გამოიწვია, რაც სასურსათო პროდუქციაზეც აისახა. უფრო გასაგები რომ იყოს, რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მინდა, მოვიყვანო: აშშ ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყანაა, აშშ-ში თებერვალ- მარტში დაფიქსირებულია სარეკორდოდ მაღალი ინფლაცია, დაახლოებით 7, 9 %, ეს ინფლაციის წლიური მაჩვენებელია, რომელიც 1982 წლის შემდეგ ასეთი მაღალი არ ყოფილა. ევროზონის ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 7, 5 %- ია, რაც 1998 წლის შემდეგ ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. რეგიონი რომ შევაფასოთ: თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 60 %-ს აცდა. თურქეთი ჩვენი ძირითადი სავაჭრო-პარტნიორი ქვეყანაა, მათ შორის, იმპორტის თვალსაზრისით. ინფლაციის იმპორტი სასურსათო კალათაზე აისახება ხოლმე. მაღალი ინფლაციაა უკრაინაში, აზერბაიჯანში, რუსეთში. ვინც შეიძლება, რეგიონული თვალსაზრისით ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებად განვიხილოთ, ყველგან მაღალი ინფლაციაა.
რა იწვევს გლობალურად ინფლაციის ზრდას: პირველი ენერგომატარებლებია, ძალიან გაზრდილია ნავთობის, ელექტროენერგიის, ბენზინის ფასი. ინფლაციის კონტრიბუციაში ყველგან ტრანსპორტის ფასია გაზრდილი, მათ შორის, ჩვენთან. ასევე, მომსახურების ფასებია გაზრდილი.
ბუნებრივია, ინფლაცია ჩვენთანაც კვლავ მაღალია. თუმცა, შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა თვეს იყო. რუსეთ- უკრაინის ომი ნაკლებპროგნოზირებადია, ითვლება, რომ ხვალ და ზეგ არ დამთავრდება. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში მიწოდების წყვეტას უნდა ველოდოთ. ეს სასურსათო პროდუქციასაც ეხება და ენერგომატარებლებსაც.
ჩვენ, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას, ახლა იმპორტის ინფლაცია გვაქვს. ეს ენერგომატარებლებსაც და სასურსათო პროდუქციასაც ეხება. ამას ეგზოგენური ფაქტორები დავარქვათ. ანუ ჩვენთან ინფლაციაში ძირითადი კონტრიბუცია, 80% გარედან იმპორტირებული ინფლაციაა, იმის გამო, რომ ძირითადად, არა მხოლოდ ენერგომატარებლების იმპორტიორები ვართ, არამედ ცალკეული სასურსათო და სამომხმარებლო პროდუქციისაც”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, პერსპექტივა იმისა, რომ ინფლაცია შემცირდება, არაა.
„პროგნოზი იმისა, რომ ინფლაცია დაიკლებს, პრაქტიკულად, არსად არაა. ეს ომის ზეგავლენის გამოა. რუსეთი საშინელებებს ჩადის, ვნახეთ კადრები, რაც მოხდა ბუჩაში. ამბობენ, რომ მარიუპოლსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში უარესი კადრები იქნება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ანუ კიდევ მეტი იქნება მიწოდების წყვეტა, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო ბაზრებზე ახორციელებდა. პერსპექტივა იმისა, რომ ინფლაცია შემცირდება, სამწუხაროდ, არაა. დამოკიდებულები ვართ რა საერთაშორისო ბაზრებზე, ინფლაცია ჩვენთანაც შენარჩუნდება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.9 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (3.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0 პროცენტი)“, – წერია უწყების ინფორმაციაში.