ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესაძლოა, ორი ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. რესპუბლიკაში ორი ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-ს განუცხადა.
„უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ოსეთთან შეერთება ავტომატურად არ მოხდება, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. როდესაც სამხრეთ ოსეთი უკვე რუსეთის შემადგენლობაში იქნება, მაშინ უნდა დაიწყოს ოსეთის შეერთების პროცესები და, შესაბამისად, ორი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს”, – თქვა ბიბილოვმა.
მარტის ბოლოს, ე.წ.საარჩევნო კამპანიის რეჟიმში მყოფმა ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სულ მალე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ე.წ. რეფერენდუმს ჩაატარებს. მისი თქმით, ეს მოხდება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ასევე, მან თქვა, რომ აუცილებელია ორი ოსეთის შეერთება და ერთიანი სახელწოდების იდეაც გამოთქვა – ოსეთი-ალანია.