ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს, რაშად ნაბიევს შეხვდა

ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები – გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე, სს „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი – დავით ფერაძე და შპს „მარაბდა – კარწახის რკინიგზის” გენერალური დირექტორი – ლევან კანკავა.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები საკითხები სხვადასხვა სატრანსპორტო დარგს შორის.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა – აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად მოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. კერძოდ, საუბარია სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო პლატფორმაზე ერთობლივი პრეზენტაციების გამართვაზე, პროფილურ გამოფენებში მონაწილეობასა და სხვა სახის აქტივობების განხორციელებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ, რომლის თაობაზეც საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა ოქმი გააფორმეს, რომელშიც ხაზი გაესვა ქვეყნების ძალისხმევას, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ.

ასევე აღინიშნა,  რომ მნიშვნელოვანია სარკინიგზო ხაზის დროული დასრულება. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ზრდადი დინამიკით გამოირჩევა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა დარგებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები