„რა უნდოდა სააკაშვილს ალბანეთში მაინდამაინც იმ პერიოდში, როცა იქ 3 ტონა ჰეროინი მიდიოდა?“

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის კონსორციუმის სპეციალური სამუშაო ჯგუფის წამყვანი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია, სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას და სააკაშვილის ალბანეთში ვიზიტს ეხმაურება. როგორც მაისაია გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აცხადებს, უკრაინაში უმაღლესი პირების დონეზე სააკაშვილი პერსონა ნონ გრატად არის მიღებული.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარს ვერ მიიღებს, ეს გამორიცხულია. ის ვერც უკრაინაში მიიღებს თავშესაფარს. ეს ორი ქვეყანა იმიტომ ვახსენე, რომ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ამ ორ ქვეყანაში აქვს მიხეილ სააკაშვილს შანსი, რომ დევნილის სტატუსი მიიღოს. უკრაინაში იმიტომ ვერ მიიღებს თავშესაფარს, რომ მას ჩაეფუშა იქ პოროშენკოს მრჩევლობა. ზუსტად ვიცი, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩაშალეს, პირდაპირ წაუყენეს პირობა პოროშენკოს, რომ არ დაენიშნა სააკაშვილი მრჩევლად. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სხვა წყაროებმაც დამიდასტურეს და ამას გეუბნებით დანამდვილებით, რაც ნამდვილად ვიცი. რაც არ უნდა იყვიროს მიშამ და გაიპიაროს თავის, უკრაინაში უმაღლესი პირების დონეზე სააკაშვილი პერსონა ნონ გრატად არის მიღებული“, – განუცხადა მაისაიამ.
ექსპერტი ქართველ სამართალდამცველთა მხრიდან ნარკოტიკების უპრეცედენტო რაოდენობის დაკავების ფაქტს და სააკაშვილის ალბანეთში ვიზიტზეც საუბრობს.
„პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ ამ ტვირთის დაკავებას წინ უძღოდა ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ნადირაშვილის ვიზიტი ბაქოში, რომლებიც საბაჟო ტერმინალზე დიდი ოდენობით თანხით დააკავეს. როდესაც ხდება ასეთი მსხვილი ტრანზაქცია, ორივე მხარის წარმომადგენელი წინასწარ უხდის თანხას იმ მხარეს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხოდ გატარებას. ასეთ დროს თანხის 20-30% წინასწარ გამოიყოფა ავანსის სახით, რომ ტრასა მოამზადონ. როდესაც „თალიბებმა“ ამ ტრასის გამოყენება სცადეს, ისინი იმდენად იყვნენ დარწმუნებულები, ტრასა კვლავაც იმოქმედებდა, რომ, როგორც ჩანს, მშვიდად იყვნენ. ეს იცით რას ნიშნავს? მათთვის ეს ტრასა, წინა პერიოდიდან გამომდინარე, უსაფრთხო იყო. არ არსებობს პრეცედენტი, თუ ტრასაზე ამ რაოდენობის ტვირთი გაატარონ, თუ არ ფიქრობენ, რომ ის უსაფრთხოდ გაივლის. ეს იყო „თალიბანის“ ჰეროინი, რომელიც მიდიოდა ალბანეთში, კოსოვოსა და ბოსნიის ჰაბში. ნამდვილად არ მინდა რაიმე დასკვნები გავაკეთო, უბრალოდ, მხოლოდ ფაქტს გეუბნებით, რომ სწორედ იმ პერიოდში მოხდა მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა ალბანეთში. რა უნდოდა, მაინცდამაინც იმ პერიოდში რომ ჩაბრძანდა ალბანეთში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს ჰეროინი მიდიოდა? სააკაშვილმა თქვა, რომ ის შეხვდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ კიდევ ვის შეხვდა, ეს უკვე გასარკვევი საკითხია“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები