შალვა პაპუაშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინაში ომის დანაშაულების შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს
„რთულია, მოიძებნოს სიტყვები, რომლებიც ბუჩაში, ირპენში და უკრაინის სხვა ქალაქებში არსებული მძიმე სურათების ხილვისას დაუფლებულ ემოციას აღწერს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
შალვა პაპუაშვილმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინაში ომის დანაშაულების შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. „მინდა, გამოვთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რასაც ამ დღეებში ვხედავთ ბუჩაში, ირპენში, უკრაინის სხვა ქალაქებში. რთულია, მოიძებნოს სიტყვები, რომლებიც აღწერს იმ ემოციას, რომელსაც ადამიანს ეუფლება, როდესაც ვხედავთ ამ მძიმე სურათებს.
სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას ბოლო არ უჩანს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბოლო არ უჩანს იმ სისასტიკეს, რომელსაც ვხედავთ უკრაინაში.
იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება არის თანაავტორი მიმართვისა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და მოწოდებისა, რომ სასამართლომ გამოიძიოს ომის ყველა დანაშაული, გამოავლინოს და დასაჯოს ყველა დამნაშავე. ამ სურათს, რომელსაც ბოლო ერთ თვეზე მეტია, ვხედავთ, სჭირდება შესაბამისი რეაგირება და მეც პირადად, პარლამენტის სახელით, მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ჩავიდნენ ადგილზე, თავად გამოიკვლიონ, გამოიძიონ, შეისწავლონ და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააყენონ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ასეთი სისასტიკის ავტორია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.