პესტიციდებით და აგროქიმიკატებით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არსებული მარაგების და იმპორტის განხორციელების კუთხით ვითარება განიხილეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნის საკითხები განვიხილეთ. როგორც აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქსელი მზადაა საგაზაფხულო სამუშაოების დროს ფერმერების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. ქვეყანაში მარაგები საკმარისია, ვინაიდან წინასწარ შემოტანილია ის რაოდენობა, რომელიც, პრაქტიკულად, მთელი მიმდინარე წლის მოხმარებაზეა გათვლილი. შემოტანა მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად ევროპული, ქვეყნებიდან ხორციელდება”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, მომარაგების თვალსაზრისით,  შეფერხება არ აქვთ.

კომპანიის „ბორანაგრო” გენერალური მენეჯერის, სანდრო ონიავას განცხადებით, ქვეყანაში არის რეზერვები, რაც მთელი წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს ფერმერების მოთხოვნას.

შეხვედრას აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 20-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები