ლადო მგალობლიშვილი – სიორიძის განცხადებაზე: „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა
„ლელო“ და “ნაცმოძრაობა” რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლადო მგალობლიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სიორიძის განცხადებას, რომ თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო კოდექსი დაარღვია.
ლადო მგალობლიშვილმა სიორიძის განცხადებას არაკომპეტენტური და პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას გიორგი სიორიძე ცესკო-ს თავმჯდომარედ სურდა.
„მინდა გამოვეხმაურო ცესკოს წევრის სიორიძის განცხადებას, რომელიც გახლავთ „ლელოდან“, თუმცა, „ლელო“ და ნაცმოძრაობა რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ განცხადებით. ოპოზიცია აპელირებდა, რომ მათ უნდოდათ ჰყოლოდათ ცესკო-ს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი სიორიძე რომ ყოფილიყო ცესკო-ს თავმჯდომარე და მსგავსი პროვოკაციული განცხადებები გაეკეთებინა, წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა ეს სამარცხვინო, არაკომპეტენტური და პროვოკაციული განცხადება“ – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.