გია ვოლსკი – ბიბილოვის განცხადებაზე: ის არის უკანონო და იმავე სახის პოპულისტური გამოხტომა, რომელიც არაერთხელ ჰქონია
ბიბილოვის განცხადება უკანონოა, ამ რეგიონში საერთაშორისო სამართლის თემა საერთოდ არ დგას დღის წესრიგში და ვფიქრობ, იგივე პოპულისტური გამოხტომაა, რომელიც ადრე არაერთხელ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.
“არჩევნებია ახლა, ხუთი კანდიდატია, მათ შორის, ერთი პარტიული, საინიციატივო ჯგუფებია კიდევ. ყველა ცდილობს, თავისი თავი წარმოაჩინოს იმ ლიდერად, რომელსაც ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს. გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის რაღაც ასპექტებზე ისაუბრონ, ვინ უფრო წარმატებული იქნება ამასთან მიმართებით, იგივე რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებით და ე.წ. ალანიის დიდ ისტორიულ სამეფოსთან გაერთიანებით, ეს არის გამოწვეული რეალობიდან, რაც დღეს გვაქვს. იქ ვერც ეკონომიკის, ვერც სოციალური საკითხების, ვერც სხვადასხვა დარგის განვითარების კუთხით ვერანაირ წინასაარჩევნო კამპანიას ვერ განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ბიბილოვმა იფიქრა, რომ სწორედ ეს არის ის ნიშა, სადაც შეიძლება სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანისა, ვინც დღეს ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს. რასაკვირველია, მისი განცხადებაც უკანონოა, ამ რეგიონში საერთაშორისო სამართლის თემა საერთოდ არ დგას დღის წესრიგში და ვფიქრობ, იგივე პოპულისტური გამოხტომაა, რომელიც ადრე არაერთხელ ჰქონია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბიბილოვმა თქვა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge