“ზელენსკი, მანდ თუ ვერ ჩამოვალ, აქედან დაგეხმარებით” – რა მიმართვა გაავრცელა მაჩაბელმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებამდე
“მე თქვენზე მოვდივარ აქედან… საქართველოდან პირდაპირ რუსებზე”, – ასე მიმართავს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი რუს ოკუპანტებს გატაცებამდე ჩაწერილ ვიდეოში.
ის სეპარატისტებმა სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებულ სოფელ გოიათასთან 26 მარტს დააკავეს.
“20 დღეა, ვცდილობ, ამ ჩემი ქვეყნიდან ჩამოვსულიყავი უკრაინაში და თქვენ გვერდით დავმდგარიყავი. მე 2008 წლის ვეტერანი ვარ, მახსოვს დღეები – რუსები როგორ გვიტევდნენ. ისიც მახსოვს, თქვენი ბიჭები, უკრაინელები ჩემ გვერდით რომ იყვნენ. მე რუსეთთან ჩაუბმელი ვერ ვიქნები, როცა ვხედავ, ბავშვებს კლავენ. მე თქვენზე მოვდივარ აქედან… საქართველოდან პირდაპირ რუსებზე. პრეზიდენტო ზელენსკი, მანდ თუ ვერ ჩამოვედი, აქედან დაგეხმარებით”, – ამბობს ლევან მაჩაბელი ვიდეოში.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებსაც. ამასთან, უწყება უარყოფს, რომ უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი ყოფილი სამხედროა.