საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოს ანალიზი გააცნო

კულტურის კომიტეტს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხათუნა კვიციანმა განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების ანალიზი გააცნო დეპუტატებს.

ხათუნა კვიციანის განცხადებით, საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ ჰონორარების განაწილების კუთხით, კომიტეტს 300-ზე მეტმა ავტორმა მიმართა. შესაბამისად, გაიმართა საკომიტეტო მოსმენა, ავტორების, „საქპატენტისა”და კოლექტიური მართვის ასოციაციების წარმომადგენლების ჩართულობით.

აღნიშნულ კომიტეტის სხდომაზე დაფუძნდა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში დარგის სპეციალისტები და პარლამენტის წევრები არიან.

„კვლევის პროცესში გამოიკვეთა განსხვავებული ხედვები და მიდგომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საფუძვლიანი კვლევის საჭიროების გამოკვეთის შემდეგ, დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის, USAID-ს მივმართეთ”, – განაცხადა ხათუნა კვიციანმა.

მისი თქმით, კომიტეტი არ გეგმავს ახალი კანონის შემუშავებას და ორიენტირებულია მხოლოდ არსებულის გაუმჯობესებაზე. მისივე თქმით, „ერთი ფანჯრის” პრინციპი რეალურად კარგად მუშაობს, თუმცა ამ პრინციპის ფორმის დახვეწაა საჭირო. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონი ყველა მოსარგებლისთვის უნდა იყოს სამართლიანი. შეხვედრაზე მოსაზრებები გამოთქვეს იურისტმა და დარგის სპეციალისტმა, მიხეილ ჭიღლაძემ, USAID-ის წარმომადგენელმა თათია ბაციკაძემ. მათ ისაუბრეს კონკრეტულ აქტივობებზე, კვლევის პროცესსა და სამუშაო ჩარჩოზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა CLDP-სთან (კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა) ერთად განახორციელებს კვლევას აღნიშნული მიმართულებით. დისკუსიის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ყურადღება გაამახვილა სამუშაო ჯგუფის მნიშვნელობაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ კანონებით და ჩვენი მონდომებით ქართული კულტურისთვის, რაზეც ქვეყნის სულიერება დგას. სწორედ ამისთვის დაარსდა ჩვენი კომიტეტი და შექმნა სამუშაო ჯგუფი”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები