რუსეთის დუმის წევრი: ცხინვალის შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა, მაისი-ივნისში ჩატარდეს

რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლებელია, მაისი-ივნისში ჩატარდეს. ამის შესახებ TASS-თან დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ისაუბრა.

“ვფიქრობ, 10 აპრილს, როდესაც სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რეფერენდუმის ვადები უკვე გასაგები იქნება, როდის გამოაცხადებენ. არჩევნების, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ის ჩაატარებს ამ პროცედურას. ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება – მაისი-ივნისი”, – თქვა ვოდოლაცკიმ.

ცნობისთვის, 30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება “რესპუბლიკის” სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები