კაცობრიობის ისტორიაში კორონავირუსი ბოლო პანდემია იქნება, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა დუბაიში მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
“ნათელია, რომ კორონავირუსი იქნება ბოლო პანდემია კაცობრიობის ისტორიაში. ეს უბედურება გახდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ჯანდაცვის კრიზისი. მან ადამიანების სიცოცხლე და კეთილდღეობა შეიწირა. კორონავირუსმა 6 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. ჯანდაცვის სისტემები დაირღვა. ამ საუკუნეში პირველად, პლანეტაზე, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი გაიზარდა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება მიმდინარე პანდემია, როგორი იქნება საბოლოო ზიანი, მაგრამ ჩვენ გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ”, – თქვა მან.
გებრეისუსმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც აუცილებელია მომავალში დაავადებების პრევენციისა და მართვისთვის.
“პირველ ყოვლისა, საჭიროა ვაქცინების წარმოების გაფართოება ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით – საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, ჯანდაცვის სფეროში მათი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და ავტონომიის გასაფართოებლად. აფრიკის მოსახლეობის 80%-ს ჯერ არ მიუღია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა. მეორეც, აქცენტი უნდა გაკეთდეს საბაზისო დონეზე მოწინავე ჯანდაცვის სისტემების შექმნაზე, ცალკეულ სფეროებში მაქსიმალური შედეგების მიღწევის ნაცვლად და მესამე, მსოფლიოს სჭირდება პანდემიის ადრეული გაფრთხილების მოწინავე სისტემა. ჯანმო შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებას ამზადებს“, – თქვა გებრეისუსმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge