სოზარ სუბარი: პრემიერმა თავის თავზე აიღო უზარმაზარი დარტყმა, მაგრამ ჭეშმარიტი ლიდერის თვისებაც სწორედ ის არის, დარტყმები თავის თავზე აიღოს, როდესაც ამის საჭიროება არსებობს
“ომის პირველ დღეებში ემოციები ხშირად აჭარბებს საღ გონებას, მაგრამ ამის უფლება არ აქვს ხელისუფლებას! სწორედ ამიტომ იყო ძალიან სწორი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები საქართველოს მომავალზე და ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე იყო გათვლილი.
“ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე და ქართველი ხალხი სწორად აფასებს, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს და მომავალში კიდევ უფრო მეტად დაფასდება. მესმის, ომის პირველ დღეებში ემოციები ხშირად აჭარბებს საღ გონებას, მაგრამ ამის უფლება არ აქვს ხელისუფლებას! სწორედ ამიტომ იყო ძალიან მკაფიო ძალიან სწორი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელიც არამარტო სწორი იყო არამედ გათვლილი იყო საქართველოს მომავალზე და ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე, მშვიდობის შენარჩუნებაზე. პირველ დღეებში პრემიერმა თავის თავზე აიღო უზარმაზარი დარტყმა, მან კარგად იცოდა რაზეც მიდიოდა, მაგრამ ჭეშმარიტი ლიდერის თვისებაც და მოვალეობაც სწორედ ის არის, დარტყმები თავის თავზე აიღოს როდესაც ამის საჭიროება არსებობს. დარწმუნებული ვარ მისი ეს ქმედება და განცხადებები მომავალში უკეთ დაფასდება”, – აცხადებს სოზარ სუბარი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge