კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ნუგზარ გელაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საოპერო მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, ნუგზარ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
ნუგზარ გელაშვილი გახლდათ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, რომელსაც არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. აღსანიშნავია ნუგზარ გელაშვილის მონაწილეობა შემდეგ სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილის „დაისი” და „აბესალომ და ეთერი”, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე”, პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი” და „იოლანტა”, ჯ. ვერდის „ტრავიატა”, „რიგოლეტო“ და სხვა. ნუგზარ გელაშვილი გახლდათ საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ასევე, 1999 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი ქართული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ნუგზარ გელაშვილის მიერ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ წვლილს და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები