რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად უკრაინის ამჟამინდელი ზარალი, ისევე, როგორც მომდევნო წლებში, ჯამურად, 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა “ინტერფაქს – უკრაინა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“ირიბი გზით გამოთვლილი ზარალი, მომდევნო წლებში დანაკარგების გათვალისწინებით, ერთ ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს“, – თქვა მან.
მისი თქმით, ზარალის პირველი კომპონენტია პირდაპირი ინფრასტრუქტურული დაზიანება.
„ეს არის ის, რაც დავკარგეთ პირდაპირი ნგრევის შედეგად – ხიდები, გზები, საცხოვრებელი სახლები, შენობები, მაგრამ ეს რიცხვები ყოველდღიურად იზრდება. ახლა ჩვენი შეფასებით არის 120 მილიარდი დოლარი. თუ მხედველობაში მიიღება სამხედრო ინფრასტრუქტურა და სხვა სამოქალაქო ხარჯები, 270 მილიარდ დოლარზე მეტია“, – განმარტა მან.
უკრაინის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ დეტალური გაანგარიშებისთვის რეესტრი შეიქმნა და თითოეულ ადამიანს შეეძლება, ელექტრონულად დაარეგისტრიროს მათი ოჯახისთვის მიყენებული ზარალი.
“ჩვენ გვექნება ზუსტი, თითქმის ბუღალტრული აღრიცხვა ყველა მიყენებული ზიანის შესახებ. მსგავს შემთხვევებში, ეს არის სტანდარტული მიდგომა”, – განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ზარალის მეორე კომპონენტია უკრაინის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი.
“ეს არის მშპ-ის ვარდნა, რომელიც გამოითვლება იმ თვეებისთვის, როდესაც საომარი მოქმედებები გრძელდება. ეს არის დაკარგული მოგება და ჩვენს საწარმოებში განუხორციელებელი ინვესტიციები. ჩვენი გათვლებით, ეს თანხა $290 მილიარდზე მეტია”, – თქვა შმიგალმა.
მისი თქმით, მესამე ნაწილია ის ზარალი, რომელსაც სახელმწიფოს მშპ-ის შემცირების შედეგად მიადგება.
“ომამდე ჩვენ გვქონდა გეგმები, როგორ გაიზრდებოდა ჩვენი ეკონომიკა. ახლა ის საწარმოები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის შემოსავალი უნდა მოეტანათ, განადგურებულია. ამიტომ, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კორექტირება მოხდება”, – განაცხადა მან.
დენის შმიგალმა თქვა, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მშპ-ის ვარდნა უკვე 35%-ს შეადგენს და ის გაიზრდება.
უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნის მშპ 3,4%-ით.