ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი – უკრაინაში ომზე: ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ იმის მაგივრად, რომ გაერო-ს ტრიბუნა შესთავაზონ

აქ ერთი მხარის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ – აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული. კარგია, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება და მშვიდობიან მოქალაქეებს, გასაჭირში მყოფთ ეს ეხმარება, მაგრამ ამ დროს, იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა, იმის მაგივრად, რომ შესთავაზოთ ოთხმხრივი, ათმხრივი გაეროს ტრიბუნა, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანემ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას განაცხადა.

„მძიმე სანახავი, მოსასმენი და გასაგებია, როდესაც ორი ერთმორწმუნე ერი, მონათესავე, ასე რომ ვთქვათ, ბიძაშვილები ერთმანეთს გადაემტერებიან, ერთი უფრო ძლიერი და მეორე უფრო სუსტია, თუმცა არც ისე სუსტია და სისხლი იღვრება, ძირითადად უდანაშაულო ხალხის.

ვიღაცა სამხედრო ბრძანებას ასრულებს, ვიღაცა ბრძოლის ველზე აღმოჩნდა. ნასროლი ჭურვი ერთ მხარეს მის სახლს მოხვდა. ეს დიდი ბოროტებაა. რამ გამოიწვია პოლიტოლოგების საქმეა ეს გამოიკვლიონ, მაგრამ მე სხვა რამე მაკვირვებს – როდესაც ორი ძმა, ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობს, გარშემომყოფები აშველებენ ხოლმე, შუაში ჩადგებიან და ცდილობენ, დაამშვიდონ და დააწყნარონ, რა გაქვთ სადავო, როგორ მოვაგვაროთ, ან გამოსავალი ვიპოვოთ. აქ, ერთი მხარის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ – აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული. კარგია, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება და მშვიდობიან მოქალაქეებს, გასაჭირში მყოფთ ეს ეხმარება, მაგრამ ამ დროს, იარაღის მიწოდება ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. კი, გასაგებია, რომ თუ იმას მეტი აქვს, ამასაც რომ ჰქონდეს, მაგრამ მეტი სისხლი დაიღვრება, მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცება. იმის მაგივრად, რომ შესთავაზოთ ოთხმხრივი, ათმხრივი გაეროს ტრიბუნა, მთელი მსოფლიოს ქვეყნები მონაწილეობენ. დასვით საკითხი, მოდით ერთი და მეორე მხარე, რა გაქვთ სადავო, იქნებ შესაძლებელია ამის მოგვარება, მაგრამ ვხედავთ, რომ არა! მოლაპარაკებები არ ხდება. არც მანამდე, მინსკის ხელშეკრულება იყო და ირღვეოდა და ვინც ამ მოლაპარაკების, ხელშეკრულების გარანტი იყვნენ, განზე გადგნენ.

ახლაც შესაძლოა, ფრონტის ხაზზე არავინ ჩადგეს, ეს გასაგებია, მაგრამ არის გაეროს ტრიბუნა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა, სადაც შეიძლება საკითხი დაისვას, მოდით ორივე მხარე, რა გამოსავალია, რა პრეტენზია გაქვთ, რას ითხოვთ… კარგია, რომ ლტოლვილებს, ვიღაცა იწყნარებს, მაგრამ ამის შეჩერების და საერთო ენის პოვნის გზა არ გამოინახა“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები