ირაკლი კობახიძე: საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა

“საზოგადოებას არაერთგზის გავუზიარეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა.

“როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო. ჩვენ საზოგადოებას არაერთგზის გავუზიარეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება მუდმივი მოწოდებები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ; ამავე მიზანს ემსახურებოდა უმძიმესი პროვოკაციული მცდელობა, საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში გაგზავნილიყო მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი; ამავე მიზანს ემსახურებოდა დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ, მოწოდებები ხელისუფლების მიერ იარაღის შეძენისკენ (ყველას გახსოვთ, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ამასთან დაკავშირებით), სამხედრო სტატუსის შესახებ თემის სპეკულაციური წამოწევა, მოწოდებები ხელისუფლების მიერ უხეში რიტორიკის გამოყენებისკენ და ა.შ. საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო „ომის პარტიის“ მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა”,- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები