შალვა პაპუაშვილი: დაჩქარებული პროცედურა გახლავთ ჩვეულებრივი, რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა და არანაირი ხინჯი მას არ აქვს სამართლებრივად

,,დაჩქარებული პროცედურა გახლავთ ჩვეულებრივი, რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა და ისეთივე საღ კანონს ვიღებთ, როგორც არადაჩქარებული წესით. არანაირი ხინჯი მას არ აქვს სამართლებრივად. თუ ფიქრობთ, რომ შინაარსობრივად აქვს ხინჯი, იქნება კომიტეტის სხდომა და იქ ითქვას არგუმენტები უნდა იქნეს ეს ცვლილება ამ ფორმით მიღებული თუ არა. ჩემი თხოვნა იქნება ერთადერთი, ამ საკითზე დავას ნუ ჩამოვკიდებთ მხოლოდ ერთადერთ არგუმენტზე – რატომ დაჩქარებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურის შესახებ მსჯელობდნენ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროცედურული დავის მიღმა მნიშვნელოვანია საკითხი სამართლებრივი არგუმენტებით იქნეს განხილული, რისი საშუალებაც დეპუტატებს კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენების დროს ექნებათ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურის თაობაზე კრიტიკული პოზიცია ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოხატეს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები, გამოიწვევს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დღევანდელი დაძაბულობის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადასვლას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვერცერთმა დეპუტატმა ამ დრომდე სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს კანონში ცვლილება, ვერ წარმოადგინა. მისივე თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს საკმარისი დრო ჰქონდათ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტების წარმოსადგენად.

„ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ დასახელდა. აქ საუბარი იყო მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტზე. ბატონ დავითს მიაჩნია, რომ პოლიტიკურად ეს არ არის ხელსაყრელი დრო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველთვის ხელსაყრელი დროა, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყნის უზენაეს კანონთან ქვემდგომი კანონი არის შეუსაბამო. ვსვამ საკითხს – ქვეყნის ძირითად კანონთან შეუსაბამო კანონი თუ გაქვს და ამის ინიცირებას და განხილვას ითხოვ და სამართლებრივ არგუმენტებს ვერაფერს ისმენ, რადგან თეორიაშიც არ არსებობს ამის სამართლებრივი კონტრ-არგუმენტები, რას და რატომ დაველოდოთ კონსტიტუციასთან შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბიურომ მომავალი სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები