კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული დემეტრე დარჩიას ხსოვნას პატივი მიაგო
მიმდინარე წლის 20 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მრჩეველთან, ვლადიმერ იმნაძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველის, დემეტრე დარჩიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„დემეტრე დარჩია 22 წლის იყო და იგი „ქართულ ლეგიონში“ ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი, 12 ივნისს, კიევში, ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად.
დემეტრე დარჩიას, 21 ივნისს, ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!
ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.ფრონტის ხაზი, დღეისთვის, 1000 კილომეტრზე მეტია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.