ირაკლი შოთაძე – სტრასბურგში სააკაშვილის საქმეზე: მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი, ჯერჯერობით, არ არსებობს
სტრასბურგის სასამართლოში მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს, სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე საუბრისას განუცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება იმას, ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია, ალბათ, ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს ექვსი თვის ნაცვლად, თვე-ნახევრის დაგვიანებით მიმართეს. პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ, მათთვის ეს არის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ, მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს. პროცესი გრძელდება. წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი“, – განაცხადა შოთაძემ.
ამასთან, გენპროკურორისთვის გაუგებარია, რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზეა საუბარი.
„ბრალდებულ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული, მათ შორის, დაცვის უფლებაც. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება, ე.წ. პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, საზოგადოებას შევახსენებ იმ საქმეებს, რომელზეც დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული თუ ბრალდებულია. საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილის თავდასხმაზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, კერძო ტელევიზია „იმედში“ შეჭრასა და დარბევაზე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების წართმევაზე. საუბარია, მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. შესაბამისად, რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, გაუგებარია. ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია თითოეული ეს საქმე და ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია თითოეული ეს საქმე და ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია ამ საქმეებში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, მისი როლი“, – განაცხადა შოთაძემ.