გიორგი ცუცქირიძე: უახლოესი წლების იზოლირებული და ჩაკეტილი რუსეთის აჩრდილი უკვე იკვეთება
უახლოესი წლების იზოლირებული და ჩაკეტილი რუსეთის აჩრდილი, დიქტატურის დამყარებით და, ფაქტობრივად, რკინის ფარდის ინტერპრეტირებით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით,რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეცდომა დაუშვა არა იმდენად მაშინ, როდესაც დასავლეთს ნატო-ს გაფართოებაზე ულტიმატუმი წაუყენა, არამედ მაშინ, როდესაც უკრაინაში შეჭრის ბლიცკრიგის და ლიბერალური დასავლეთის კრიზისის დაიჯერა.
როგორც ცუცქირიძე წერს, პუტინმა საბედისწერო შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც ქალაქების ნგრევასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებასთან ერთად, ატომური ღილაკის მუქარით დასავლეთის შანტაჟზე გადავიდა.
„ანატოლი ჩუბაისის გადადგომა არის პირდაპირი მინიშნება პოსტპუტინისტური ერის დასაწყისზე რუსეთში, ჩუბაისი უბრალოდ პუტინის რიგითი მრჩეველი არ ყოფილა, ის იყო გასული საუკუნის 90 -იანი წლებიდან მოყოლებული რუსული პოლიტიკის რუხი კარდინალი, რუსული პუტჩის დროს მან გადაარჩინა ელცინი, როდესაც ავსტრიიდან 60 მილიონი დოლარი ჩამოიტანა გაიდართან ერთად გენერალიტეტის მოსასყიდად, ხელისუფლებაში პუტინის მოყვანაშიც მას დიდი როლი აქვს ნათამაშები.
ჩუბაისმა, რომელიც ცნობილია როგორც 1990-იანი წლების რუსეთის პრივატიზაციის არქიტექტორი და რუსული “ლიბერალური იმპერიის” მამაც, პუტინს თავისი პირველი თანამდებობაც კრემლში 1990-იანი წლების შუა ხანებში სწორედ მან შესთავაზა. პუტინის დროს, ჩუბაისი იკავებდა მთავარ თანამდებობებს მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში, ხოლო გასულ წელს პუტინმა იგი მდგრადი განვითარების საკითხებში ელჩად დაასახელა.
ჩუბაისმა თანამდებობიდან გადადგომამდე გასულ კვირას ღიად მიანიშნა რუსეთის ბნელ პერსპექტივაზე, ხოლო ფეისბუქზე იგორ გაიდარის გარდაცვალების წლისთავზე გამოქვეყნებულ პოსტში, აღნიშნა, რომ გაიდარს „ჩემზე უკეთ ესმოდა სტრატეგიული რისკები და მე ვცდებოდიო“. აქ მან იგულისხმა 2006 წელს გამოსული გაიდარის წიგნი „იმპერიის სიკვდილი“, რომელშიც გაიდარმა საბჭოთა კავშირისადმი იმპერიული ნოსტალგიისადმი ცდუნებას, ილუზია და მეტად საშიში მომავალი უწოდა”. ისე ჩუბაისს საკმაოდ ნეგატიური როლი აქვს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ის იყო ერთ-ერთი ავტორი საქართველოში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობის ხელშეწყობაში, თუმცა ეს სხვა დროს იყოს…
გასულ კვირას, გადადგა კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი – არკადი დვორკოვიჩი, რომელიც იყო დიმიტრი მედვედევის უფროსი ეკონომიკური მრჩეველი მისი პრეზიდენტობის დროს და ვიცეპრემიერი 2018 წლამდე, როდესაც დატოვა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი Skolkovo-ს ტექნოლოგიური ფონდის ხელმძღვანელის პოსტი, მას შემდეგ რაც დაგმო კრემლის ინტერვენცია უკრაინაში.
პუტინის 16 მარტს გაკეთებული განაცხადი, რომ ის გაასუფთავებს რუსეთს „ნაძირლებისა და მოღალატეებისგან“, რომლებსაც ის ადანაშაულებს აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის ფარულად მუშაობაში, ხოლო თავად დასავლეთს რუსეთის ეკონომიკურად განადგურებაში დასდო ბრალი, რუსეთში კუდიანებზე ნადირობის სეზონსაც ხსნის.
უკვე იკვეთება უახლოესი წლების იზოლირებული და ჩაკეტილი რუსეთის აჩრდილი, დიქტატურის დამყარებით და, ფაქტობრივად, რკინის ფარდის ინტერპრეტირებით. სხვა გზა როგორც ჩანს თავად პუტინს სანამდეც ის შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას აღარც დარჩა, რა სცენარითაც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, თუნდაც მისთვის სახის შენარჩუნებით, რადგან ეს ომი მან უკვე წააგო!
პუტინმა შეცდომა დაუშვა არა იმდენად მაშინ, როდესაც დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა ნატო-ს გაფართოებაზე, არამედ როდესაც უკრაინაში შეჭრის ბლიცკრიგის და ლიბერალური დასავლეთის კრიზისის დაიჯერა, მაგრამ მან უკვე საბედისწერო შეცდომა მაშინ დაუშვა როდესაც ქალაქების ნგრევასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებასთან ერთად, ატომური ღილაკის მუქარით დასავლეთის შანტაჟზე გადავიდა.
პუტინს ამას, რომ დასავლეთი არ აპატიებს და არც მისი მმართველობის ბოლომდე მოუხსნის დაწესებულ სანქციებს, ეს ჩუბაისზე კარგად არავის მოეხსენება, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან მისი კავშირებიდან გამომდინარე“ – წერს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, საქართველომ ეკონომიკის გადაწყობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რადგან რუსული ბაზრის დანაკარგები მხოლოდ მიმდინარე წლის მაჩვენებლებით არ აიწონება.
„რუსული რეცესია იქნება ხანგრძლივი, სულ მინიმუმ 2025 წლამდე, ანუ, სავარაუდოდ, პუტინის დარჩენილ მართველობამდე.
დღეს აქტუალური თემაც არა ნეიტრალიტეტზე აქცენტების გადატანა უნდა იყოს, არამედ ეკონომიკის გადაწყობაზე ფიქრი შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. მით უმეტეს, დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, უკვე შეწყვეტილია აზიიდან და ჩინეთიდან ტვირთბრუნვის ჩრდილოეთი დერეფანი, რომლითაც ტვირთები რუსეთის გავლით ევროპას მიეწოდებოდა. ყველაზე მოკლე და ალტერნატიული გზა კი სწორედ საქართველო ხდება და აბრეშუმის გზის კონცეფციასაც აღიდგენს, ცალკე თემაა რუსეთიდან წამოსული უცხოური კომპანიების ნაწილის წარმოების რელოკაციის აქ გადმომისამართება, რაც სამხრეთის დერეფნის ამოქმედებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება როგორც მოკლე, ისე გძრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით.
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, შესაბამისი საერთაშორისო მყარი გარანტიების და ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტის გარეშე, აზრს არის მოკლებული, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებამ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველო ვერ დაიცვა ვერც ოსმალეთის აგრესიისგან, ვერც დენიკინის შემოტევისაგან, და ვერც საბჭოთა რუსეთის ოკუპაციისაგან 1921 წელს! სსრკ-მ 1930-იან წლებში აიძულა ბალტიის რესპუბლიკები გამოეცხადებინათ ნეიტრალიტეტი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შემდგომში მათი ანექსიისათვის!“- წერს ანალიტიკოსი.