ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინის ცის დახურვას არ აპირებს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ცოტა ხანში ნატო-ს რიგგარეშე სამიტი გაიმართება, რომელზეც სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის ქვეყნები უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ. კერძოდ, მათ გაწვრთნეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ამჟამად ფრონტის ხაზზე არიან და რუსეთს ებრძვიან.
გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინას ასევე სთავაზობს საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალას და საწვავს.
”მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენ არ გავაგზავნით ნატო-ს ჯარებს ან ნატო-ს თვითმფრინავებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს კონფლიქტი არ გასცდეს უკრაინას და არ გამოიწვიოს მეტი ტანჯვა, ნგრევა და სიკვდილი“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, უკრაინის ცის დახურვა ნიშნავს, რომ ნატო-მ უნდა შეუტიოს საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში და ასევე მზად უნდა იყოს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებისთვის.
„მაშინ ნატო-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის რისკი ძალიან მაღალი იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.