ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, დევიდ კეტლერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მნიშვნელოვანია პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
შეხვედრას ნატო-ს სადაზვერვო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კაუპო როსინი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – ალექსანდრ ვინიკოვი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.