ევროსაბჭოს კონგრესის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ხელსაყრელ გარემოს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარული სესიის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კონგრესის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონგრესის სადამკვირვებლო მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და აღნიშნა, რომ არჩევნები იყო თანმიმდევრული და კარგად ორგანიზებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ხელსაყრელ გარემოს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი. მან თავის გამოსვლაში პირველ რიგში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ.
„ჩვენი დღევანდელი სესია განსაკუთრებულად რთულ დროს მიმდინარეობს, როდესაც რუსეთი განაგრძობს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ და სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ კვლავ გამოვხატავთ საქართველოს მტკიცე სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველ ხალხს განსაკუთრებით ესმის რას ნიშნავს ოკუპაცია, ჩვენ ვებრძვით რუსულ აგრესიას 200 წელიწადზე მეტია, ხოლო უკანასკნელმა ინტერვენციამ, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ანგარიში აფასებს ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად გატარდა.
„მინდა გამოვხატო მადლიერება მისიისა და მისი წევრების მიმართ, იმისთვის, რაც მათ გააკეთეს, დიდი მადლობა მომხსენებელს მისი ანგარიშისთვის. ანგარიში აფასებს ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა გატარებული საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, ასევე, არჩევნების დღე შეფასებულია, როგორც მშვიდი, თანმიმდევრული, გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული. ყველა გამოწვევის მიუხედავად, დაცული იყო დემოკრატიული ღირებულებები და თავისუფლებები, რაც გზას უხსნის საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებას. ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო მომხსენებლის მიმართ, რომელმაც მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრის დროს ანგარიშის განმარტებითი ბარათის ნაწილში გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის წინასწარი, საკომიტეტო განხილვის დროს მომხსენებელმა გაითვალისწინა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის მიერ გაზიარებული რიგი შესწორებები. ლევან ჟორჟოლიანმა საქართველოს ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. „მინდა აღვნიშნო, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადად ახდენს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობის პრევენციას, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა და მიღებულ იქნა ახალი ცვლილებები და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს, ასევე, აღნიშნულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამაც“, – დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ანგარიში დელეგატების მიერ ერთხმად იქნა მიღებული.