ალგეთიდან წალკის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ92-კმ146 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო კმ43-კმ93 მონაკვეთზე, ალგეთიდან წალკის მიმართულებით მოძრავი მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ცალმხრივ რეჟიმში. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.