მაია ბითაძე: საკანონმდებლო ბაზის ფორმირება აღსრულების მექანიზმების გაძლიერების გარეშე გამორიცხულია

2019-2020 წლებში მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში მოისმინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა. ანგარიში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში მომზადდა.

პარლამენტის ინფორმაციით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 2010 წლიდან უდგას სათავეში ნარჩენების მართვის პროგრამას, რომელიც მხარდაჭერილია „სიდას” და შვედეთის მთავრობის მიერ.

„ამ ეტაპზე „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”-ს ფარგლებში ვაწარმოებთ მონიტორინგს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაზე ნარჩენების მართვის მიმართულებით. შესაბამისად ანგარიში ასახავს ნარჩენების მართვის კანონით დაწესებული მოთხოვნებს და თავის მხრივ შეუწყობს ხელს პარლამენტს ზუსტ შეფასებაში, როგორ მოქმედებს აღნიშნული კანონი, რა გამოწვევები არსებობს ადგილზე, სად არის საჭირო დახმარება და რა საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება გახდეს საჭირო”. ანგარიშის დეტალებზე ისაუბრა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” საბჭოს წევრმა აკაკი ფანჩულიძემ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტისთვის ინერტული ნარჩენების მართვა პრიორიტეტულია და სექტემბრიდან დაიწყება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ინერტული ნარჩენების მართვის მოწესრიგებას ითვალისწინებს. „ხაზი მინდა გავუსვა, რომ საკანონმდებლო ბაზის ფორმირება აღსრულების მექანიზმების გაძლიერების გარეშე გამორიცხულია. თბილისში ამ კუთხით კონტროლი ძალიან გამკაცრდა, მაგრამ, რეგიონების მასშტაბით, თუ წიაღისეულის ნარჩენებსაც დავამატებთ, პრობლემა პრობლემად რჩება.

აღსრულება არის უმთავრესი ამიტომ სამშენებლო სექტორის ჩართვა ამ სისტემაში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა ამ მიმართულებით”,- განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია 2020-2030 წლების ნარჩენების მართვის განახლებული სტრატეგიის და 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიკო ახობაძემ. რომელმაც აღნიშნა, რომ მოხდა 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შეფასება და გამოიკვეთა ის პრიორიტეტები და დარჩენილი გამოწვევები, რაც ახალი გეგმის შემუშავების პროცესში იქნა გათვალისწინებული. გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ხარისხისა და შედეგების ანგარიშის შემდეგ მომხსენებელმა განახლებული გეგმისა და სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.

მომხსენებლის თქმით, დოკუმენტს დაემატა ბიოდეგრადირებადი ნარჩენების დამუშავების და პრევენციის ღონისძიებები, სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიზნები და პლასტიკის პრევენციასა და შემცირებასთან დაკავშირებული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები. აკაკი ფანჩულიძემ ისაუბრა გეგმის განხორციელების მოსალოდნელ შედეგებზე. აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე ნარჩენების მართვის კოდექსში იქნება შეტანილი ცვლილებები; ასევე, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების და შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ შემუშავდება ტექნიკური რეგლამენტები; სამი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელისა და გადამფუთი სადგურებისათვის ჩატარდება ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების კვლევა; წლის ბოლოსათვის აჭარაში გაიხსნება პირველი სანიტარული ნაგავსაყრელი, წნორში კი დახურული ნაგავსაყრელი. მისივე ინფორმაციით ასევე, 2023 წლისათვის შემუშავდება განახლებული ნარჩენების მართვის გეგმები მუნიციპალიტეტებისათვის და ეროვნული პარკებისთვის; შეიქმნება ნგრევის და სამშენებლო ნარჩენებისათვის შეგროვების და დამუშავების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო დოკუმენტი. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, დოკუმენტში ასახულია პრიორიტეტები, ამოცანებია და ღონისძიებები, რომლებიც მხარდაჭერილია „ევროკავშირი გარემოსათვის” პროექტის მიერ.
კომიტეტმა მოსმენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები