სოზარ სუბარი და ირაკლი ზარქუა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუასთან ერთად შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის „მეზოპარტნერი” წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების შესახებ. ასევე, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. „შეხვედრისას გაჟღერდა გარკვეული იდეები მათ შორის, მიმოვიხილეთ გარკვეული პროგრამები და პროექტები თუ სად და როგორ შეიძლება საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი თვითმმართველობები გააძლიერონ. ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება როგორც დედაქალაქში ასევე, რეგიონებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რათა კონკრეტულად ვნახოთ რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში გამართულ შეხვედრაში მარკუს ჯენალი, ფრენკ უოლტრინგი, ბექა თაღაური, სოფია სვანაძე და ზვიად არჩუაძე მონაწილეობდნენ. 2012 წლიდან, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად (ADA) გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მხარს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დეცენტრალიზაციაში, მონაწილეობის საფუძველზე ადგილობრივ განვითარებასა და ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერებაში. არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, სხვა ინიციატივების გარდა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დახმარება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ძირითადი პოლიტიკისა და პროცესების შექმნაში. 2021 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ინიცირებით ჩამოყალიბდა პარტნიორობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის. ამ პარტნიორობის ძირითადი მიზანია შეაფასოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში და დაეხმაროს ძირითად მონაწილეებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სამომავლო ხედვების შემუშავებაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უკვე მიღწეული შედეგების განმტკიცებასა და მდგრადობას.