ბექა ლილუაშვილი – ვახტანგ გომელაურს: კონკრეტულად რა გეგმა არსებობს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და გამომდინარეობს გარკვეული დაჩქარებული, ამავდროულად, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის საჭიროებიდან
“კონკრეტულად რა გეგმა არსებობს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და გამომდინარეობს გარკვეული დაჩქარებული, ამავდროულად, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის საჭიროებიდან?”, – ამ კითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში მყოფ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.
“აქ ბევრი კითხვა დაისვა ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობის და თქვენი პერსონალურად, ბატონო ვახტანგ ხედვასთან დაკავშირებით და შეფასებასთან დაკავშირებით, მე, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს არსებითი რაიმე მოლოდინი, რომ თქვენ შეძლებთ, თქვენი მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე, პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე რაიმე ახალი ან უფრო მეტად ასე ვთქვათ ინფორმაციულად დატვირთული შეფასებების გაკეთება მოახდინოთ” – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილი დაინტერესდა, რა გეგმა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. “შეცვლილი გარემოებიდან გამომდინარე საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რასაც ყველა მივესალმებით ბუნებრივია, მაგრამ ეს კონკრეტული განაცხადი გულისხმობს ქვეყნის მხრიდან ძალიან მკაფიო დღის წესრიგის ქონას, მათ შორის ყველა იმ სტანდარტის დაკმაყოფილებას, რაც ამ წევრობას სჭირდება ინსტიტუციური რეფორმების კუთხით.
თქვენ კონტექსტში ეს გულისხმობს, მაგალითად, გამოძიების დამოუკიდებლობის ზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს? გამომძიებლების კომპეტენციის ამაღლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და გეგმას? ასევე, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვის ახალი მექანიზმების შემოღებას და დანერგვას? აი, მე მაინტერესებს, აი ამ ფრაზების მიღმა, რომელიც აქ ანგარიშში არის წარმოდგენილი, როგორც პრიორიტეტები ახლა ხომ არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პრიორიტეტები ერთი წლის წინ ან პრიორიტეტები წლის დასაწყისში იგივე უნდა იყოს და მათი ფორმულირება იმდენად ზოგადი უნდა იყოს როგორც დღეს ამის საჭიროება არის – ეს, ასე ვერ იქნება.
შეიცვალა გარემო, ამიტომ მე მაინტერესებს, ამ კონკრეტულ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებით, აი ამ დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფისთვის, კომპეტენციის გაზრდისთვის, ადამიანის უფლებების დეპარტამენტის და სტანდარტის გაუმჯობესებისთვის, კონკრეტულად რა გეგმა არსებობს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და გამომდინარეობს გარკვეული დაჩქარებული, ამავდროულად თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის საჭიროებიდან. აი ეს გეგმა თუ შეიძლება რომ გვითხრათ” – მიმართა ლილუაშვილმა გომელაურს.