ლევან ბეჟაშვილი: კობახიძის განცხადება არის გზავნილი პუტინისთვის, რომ მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციას
“ირაკლი კობახიძის განცხადება არის გზავნილი პუტინისთვის, რომ მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციას და პუტინს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ საქართველომ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭიროს.
“ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება”, მთავრობა არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს და ქართველ ხალხს, მაშინ როცა საზოგადოების ერთიანი მოთხოვნა არის, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველომ დაიკავოს უკრაინის სოლიდარობის მხარე და დაუჭიროს მხარი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ისინი ამ განცხადებით, გზავნილებს უგზავნიან რუსეთის ფედერაციას და პუტინს, რომ არ აპირებენ სანქციებზე მიერთებას და პრაქტიკულად მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციას და პუტინს ამ ვითარებაში. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებას გვმართებს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ის ძალა, რომელიც არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს ინტერესებს”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.