მომდევნო კვირიდან უკრაინის მოქალაქე ბავშვები თბილისის ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ
თბილისში მყოფი, უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეღავათებს კიდევ ერთი დაემატა – შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საკრებულოსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მთლიანად უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისითა და საკვები პროდუქტებით.
განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში. ამ ყველაფერში ჩართულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ავამოქმედეთ მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა. ეს არის უფასო მგზავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში. საჭიროა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის ჩვენება. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების უფასო წვდომის პროგრამები დედაქალაქში. გარდა ამისა, მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე – გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, აღნიშნულ საკითხს კოორდინაცია გაუწიოს.
„ილია ელოშვილს ვავალებ, კოორდინაცია გაუწიოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. უნდა გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ამ ოჯახებთან და აუხსნათ ეს ყველაფერი. ჩვენ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგებით, სანამ ამის საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.