სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები დააკავეს

სამართალდამცველებმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ეთერ ინასარიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, დააკავეს. როგორც “კვირას“ ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო სამსახურმა იმ უწყებათა საქმიანობა გადაამოწმა, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ ხორცპროდუქტების შემოწმება და მისი ვარგისიანობის დადგენა. ამ პროცესში საგამოძიებო სამსახურმა სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 400 კგ. ხორცპროდუქტების საკვებად ვარგიასიანობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ჩატარების დროს, კვლევისათვის ნიმუშის აღებისას შეარჩია საქონლის ხორცის შედარებით უკეთესი ნაწილი, ხოლო ცუდი ვიზუალის და შეფერილობის ხორცპროდუქტებს ექსპერტიზა განზრახ არ ჩაუტარა, რის შემდეგაც ყალბი დასკვნა გასცა, რომელშიც საკვებად უვარგისი აღნიშნული ხორცპროდუქტები ვარგისიანად დააფიქსირა. გარდა ამისა, ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით გამოვლენილია კიდევ რამდენიმე სამართალდარღვევა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიცალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები – მიხეილ კაპანაძე, ვლადიმერ ჩუხრუკიძე, თეიმურაზ მარხვაშვილი და მოქალაქეები – კახა კოპაძე და გიორგი გოგიშვილი დააკავეს. ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვეტერინარ-ექიმებმა მიხეილ კაპანაძემ, თეიმურაზ მარხვაშვილმა და ვლადიმერ ჩუხრუკიძემ, ქრთამის აღების სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, საქონლის ხორცის შემოწმების გარეშე გასცეს ვეტერინარული მოწმობები.
“გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასაკლაოს ორგანიზებისა და ფუნქციონირების სფეროში დასაქმებული შპს Crosslane investments limited-ის, თანამშრომელმა, გიორგი გოგიშვილმა, რომელსაც არ ჰქონდა ექიმ-ვეტერინარის კვალიფიკაცია და, შესაბამისად, საქონლის ხორცის დადამღვისა და სურსათის ვეტერინარული მოწმობის გაცემაზე სათანადო უფლებამოსილება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი ვეტერინარული მოწმობა გაასაღა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევის შედეგად უვარგისი ხორცპროდუქტები სარეალიზაციოდ დახლებზე ხვდებოდა, რაც დროულად იქნა აღკვეთილი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის და 370-ე მუხლის პირველი ნაწილებით, 338-ე მუხლის, 341-ე მუხლისა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე, ასევე 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები