შალვა პაპუაშვილი – უკრაინის რადას თავმჯდომარეს: ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთიანი, და არა დაყოფილი, უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს თანადგომას

ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთიანი, და არა დაყოფილი, უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს თანადგომას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან უკრაინელ კოლეგას, რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს გაუგზავნა.

„თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეო მიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აერთიანებთ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.

1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ – 2008 წელს საქართველომ საკუთარი სისხლის ფასად პირველმა გამოცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ათწლეულებია გრძელდება რუსული ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს. დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი აგრესიის.

საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ერთგულებას ჩვენი მოძმე უკრაინისადმი, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ამ ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. სწორედ ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის.

საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში – რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში – რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით.

ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას.

ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონო თავმჯდომარევ, დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთიანი, და არა დაყოფილი, უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს თანადგომას“, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები