თამარ ტალიაშვილი: ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები არ რჩება დაუსჯელი
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
„განსაკუთრებით მინდა, გამოვეხმაურო რუსეთის მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილ ქმედებებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საბავშვო ბაღები, სკოლები, სამშობიარო სახლები გახდა დაბომბვის სამიზნე და ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, საზარელი ქმედება. ასევე ნიშანდობლივია, რომ გუშინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულში მონაწილე 3 პირის წინააღმდეგ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია და ნიშნავს, რომ ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები არ რჩება დაუსჯელი “, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებსა და თანმხლებ საკანონმდებლო პაკეტზე მუხლობრივად იმსჯელეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი გარე მექანიზმების დანერგვა. კანონპროექტი მიზნად ისახავს, ასევე, პრაქტიკაში გამოუყენებელი აკრედიტაციის მექანიზმის გაუქმებასა და მის ნაწილობრივ ინტეგრირებას ავტორიზაციის ინსტიტუტში.
„მისი მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის მექანიზმი გაუმჯობესდება და პროცესი გამარტივდება. კანონპროექტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ახლებურადაა ჩამოყალიბებული”, – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივის პლენარულ სხდომაზე განხილვას.