კალაძე დეკანოიძის განცხადებას “სამარცხვინოს” უწოდებს

თბილისის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომელიც მან უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს გააკეთა, “სამარცხვინოს” უწოდებს.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ქვეყნის შიგნითაც, ისევე – როგორც ქვეყნის გარეთ, ბევრი მტერი ჰყავს.

„სამარცხვინოს” ვუწოდებ ამ განცხადებას. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვყავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი მტერი. სამწუხაროა ასევე ის რეალობა, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოვიყენეთ, მაგალითად, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით მოისმინეთ განცხადებები ელჩების, ჩვენი მეგობრების, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ყველაფერს აკეთებს, თუმცა ასეთი განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან, არის სამარცხვინო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საუბარია ხატია დეკანოიძის მიერ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები