ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა

????????????????????????????????????

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს, რომლის ინიციატორები მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ირაკლი კობახიძე, სოზარ სუბარი და მამუკა მდინარაძე არიან.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეფუძნება. დღეს საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას გულისხმობს. ასოცირების შეთანხმების შესრულება თავის მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს ყველა სფეროში თუმცა, ამავდროულად, არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება გაეკეთებინა განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და მას შემდეგ, ინტენსიურად ვატარებდით კონსულტაციებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით, იმისთვის რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაკეთებულ ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდან, რაც შეიძლება მოკლე დროში მოჰყოლოდა დადებითი პასუხი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ერთ-ერთი ასოცირებული პარტნიორის, უკრაინის მიმართ ხორციელდება რუსეთის აბსოლუტურად გაუმართლებელი აგრესია, ევროკავშირი ერთსულოვნად უჭერს მხარს უკრაინას და ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაა.

„ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური ჟესტი თავისთავად აჩენს შესაძლებლობების ფანჯარას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები სამივე ასოცირებული პარტნიორისთვის დაჩქარდეს. თუმცა, ამავდროულად ისიც ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები არ შეცვლილა და ამისთვის საჭიროა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საჭირო მხარდაჭერა გვქონდეს, ამიტომ ვფიქრობ, დროული იქნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის პარალელურად, საქართველოს პარლამენტი თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ახმოვანებდეს საქართველოს სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში კარგ საფუძველს შეგვიქმნის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან სამუშაოდ, რათა მოვიპოვოთ საჭირო მხარდაჭერა ამ პროცესში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, სადაც გაჟღერებულია ის ძირითადი გზავნილები, რაც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება. · რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. · დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.

· ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები