აშშ-ის დაზვერვა: პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე ტაქტიკური მიზნებისთვის მიდის

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) უფროსი, უილიამ ბერნსი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე ტაქტიკური მიზნებისთვის მიდის, რადგან ვლადიმერ პუტინს ამ ომში მკაფიო, უცვლელი მიზანი არ გააჩნია.

ამის შესახებ მან 10 მარტს სენატის დაზვერვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება ABC News-ი.

„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოქმედებდა პუტინი წარსულში და რომ მას მიუღებლად მიაჩნია ისეთი რამის გაკეთება, რაც შეიძლება, მის სისუსტეს ჰგავდეს, ალბათ, ეს ყველაფერი ნიშნავს მერყეობის შემცვლელ ავანტიურას”, – ამბობს ბერნსი.

მან ასევე თქვა, რომ, უკრაინაში ომის პარალელურად, პუტინი საკუთარ ქვეყანაში “პროპაგანდის ბუშტს” ქმნის. თუმცა, ბერნსი ვარაუდობს, რომ რუსეთის ლიდერი ვერ შეძლებს, მთლიანად მოწყვიტოს მოქალაქეები ომთან, ან ეკონომიკასთან დაკავშირებულ რეალურ ინფორმაციას.

ბერნსი მიიჩნევს, რომ აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, სერიოზულად მოეკიდოს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების რისკს.

“როგორც თქვენ, ყველამ კარგად იცით, ეს რუსული სახელმძღვანელოს ნაწილია. მათ უკვე გამოიყენეს ქიმიური იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ, სულ მცირე წაახალისეს ეს სირიაში და მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ, ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ”,- თქვა მან.

რაც შეეხება ინფორმაციულ “ომს”, ბერნსი ამბობს, რომ დასავლეთმა მოახერხა სათანადოდ მომზადება და ძირი ამოუთხარა კრემლის პროპაგანდისტულ გათვლებს. დასავლეთმა შეძლო, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ ვინ არის აგრესორი.

ბერნსი ასევე ამბობს, რომ პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა დასავლეთის შესაძლო სანქციების მასშტაბები, როდესაც რუსეთის ეკონომიკაზე მათ გავლენას აფასებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები