შალვა პაპუაშვილი: ნედ პრაისი საქართველოს უფრო მეტი პატრიოტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ოპოზიციის მედია
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოს უფრო მეტი პატრიოტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ოპოზიციის მედია“, – ასე შეაფასა ქართველი ჟურნალისტის კითხვა და მასზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციაში ვერ აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების დისკრედიტირებით ქვეყნის დისკრედიტირებას ახდენენ.
ამასთან, პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„უკრაინაში ცხელი ომი მიდის და ჩვენ რასაც ვხედავთ, სამწუხაროდ, საქართველოში მიდის ჰიბრიდული ომი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ. ვხედავთ ოპოზიციის ჩართულობას იმაში, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტირება. სამწუხაროდ, ისინი იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების დისკრედიტირებით ქვეყნის დისკრედიტირებასაც ახდენენ. ეს სამწუხარო ომია, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას გამოუცხადეს. ვხედავთ ჩვენ ამას, მათ შორის, სხვადასხვა მოცემულობის წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტირება მოხდეს.
რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, საქართველოს აქვს სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ეს არის ყველა ფორუმზე გაცხადებული. ჩვენი პოზიცია, რაც ამ ომს შეეხება და ამ ომში ვინ სად დგას, გამოხატულია ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის თანაავტორობაში. ამაზე ცხადი პოზიცია არ არსებობს და ასევე, იცით, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან. ასე რომ, საერთაშორისო ფორმატებში ეს არის სრულად გამოხატული. იცით, რომ საქართველო ჰუმანიტარული დახმარების კუთხით არის სრულად სოლიდარული. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ისინი არაეფექტურია.