სოსო არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ცალსახად ადასტურებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოტენციალს, არამედ – უცხოელ ინვესტორთა მიერ მისდამი მაღალ ნდობას
საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში 2021 წელს თავისი წვლილი შეიტანა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, რომელიც წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 1152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლის მეოთხე კვარტალზე მოვიდა მთელი წლიური ინვესტიციების 35.7 პროცენტი – წინა სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელზე 67 პროცენტით მეტი, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ცალსახად ადასტურებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოტენციალს, არამედ უცხოელ ინვესტორთა მიერ მისდამი მაღალ ნდობას.
“საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 101.6-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით, მაშინ როდესაც მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში ასეთმა ზრდამ მხოლოდ 30 პროცენტი შეადგინა, ცალსახად ადასტურებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოტენციალს, არამედ უცხოელ ინვესტორთა მიერ მისდამი მაღალ ნდობას, რწმენას ჩვენს ქვეყანაში სტაბილური გარემოს არსებობისა და ბიზნესის განვითარების მაღალ შესაძლებლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილი საკმაოდ მაღალია (66.0%), 2021 წელს წინა წელთან ინვესტიციების მატებაში მისი წილი მხოლოდ 44.9 პროცენტია – დანარჩენი (55.11%) მოდის სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების ზრდაზე. ეს ადასტურებს როგორც საქართველოში წინა პერიოდში შემოსული ბიზნესის მაღალ მოტივაციას, დარჩეს და გააგრძელოს საკუთარი ბიზნესი საქართველოში, ისე უცხოელ ბიზნესმენთა შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკით მზარდ დაინტერესებასა და ადგილობრივ, ქართველ ბიზნესმენებთან კოოპერირების მზაობაზე.
ვფიქრობ, ხაზი უნდა გაესვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცრებას. – თუ 2020 წელს ასეთი ინვესტიციების 70.7 პროცენტი საფინანსო სექტორზე მოდიოდა, 2021 წელს მისი წილი შემცირდა 38.5 პროცენტამდე. სამაგიეროდ მკვეთრად გაიზარდა ინვესტიციების წილი რეალურ და სოციალურ სექტორებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამგვარი ინვესტიციების ოთხჯერადი ზრდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, სადაც მისმა მოცულობამ 143.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებმა 9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ.
ბოლო სამი წელია, ქვეყნების მიხედვით საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებით პირველ ადგილს არავის უთმობს გაერთიანებული სამეფო, რომლის რეზიდენტების მიერ საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 2019-2021 წლებში თითქმის 1.2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
ჩვენი ქვეყნისათვის უახლოესი პერიოდის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არა იმდენად რაოდენობრივი, რამდენადაც ხარისხობრივი ზრდა მოწინავე ტექნოლოგიებსა და მეცნიერულ მიღწევებთან აფილირებული ინვესტიციების ხაზით, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის საწარმოებლად. საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა – განხორციელებული რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობა კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საგარეო სავაჭრო ექსპანსიის ხაზით, ამგვარი ინვესტიციების მოზიდვა – ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის დინამიკური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას, მისი ნეგატიური გარე ფაქტორებისაგან მოწყვლადობის შემცირებას”, – წერს არჩვაძე “ფეისბუქის” გვერდზე.