კულება – ნატო-ს ალტერნატივაზე:  თუ უსაფრთხოების გარანტიებს შემოგვთავაზებენ გაერო-ს დონეზე, მზად ვიქნებით, სიტუაცია განვიხილოთ

მიუხედავად იმისა, რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია, მზად არ არის, უკრაინის ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის დახუროს, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა მსგავსი გაწერილია ნატო-ს წესდებაში.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა.

კითხვაზე, განიხილა თუ არა რუს კოლეგასთან უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტი, კულებამ თქვა, რომ არ აქვს უფლება, განიხილოს ის, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილია კურსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ.

”ჩვენ გვესმის, რომ ვერ გავხდებით ნატო-ს წევრები თითის დაწკაპუნებით და რომ შესაძლოა, ვერ შევიდეთ ალიანსში უახლოეს მომავალში”, – თქვა მან.

ამიტომ, მისი თქმით, ჩნდება კითხვა: როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება ნატო-ში გაწევრიანებამდე? კულებას თქმით, ეს უნდა იყოს მთელი სისტემა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნებისგან მიღებული  გარანტიებით.

“ეს არის რისი განხილვისთვის ვართ მზად”, – თქვა მან.

როგორც მინისტრი ამბობს, უკრაინა ასევე ხედავს, რომ “ალიანსი არ არის მზად, ჩვენ დასაცავად დახუროს თუნდაც ჩვენი ცა, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად”.

„მაგრამ ასეა თუ ისე, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა მსგავსი გაწერილია ნატო-ს წესდებაში. თუ ასეთ გარანტიებს შემოგვთავაზებენ გაერო-ს და მისი უშიშროების საბჭოს დონეზე, მზად ვიქნებით, სიტუაცია  განვიხილოთ. ეს არ არის განცხადება, ეს უბრალოდ იდეაა“, – თქვა კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები