“გადაშენების პირას არის” – მარიუპოლში ომის დაწყებიდან დღემდე შესაძლოა, 15-დან 25 ათასამდე ადამიანი იყოს დაღუპული

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ქალაქ მარიუპოლში ათასობით ადამიანია დაღუპული, მათი უმეტესობა ამ დრომდე ნანგრევებში რჩება.

ამის შესახებ Deutsche Welle-სთან საუბარში ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ თქვა.

მისი ინფორმაციით, 9 მარტის მდგომარეობით, 1 207 დაღუპულის შესახებ არსებობდა ინფორმაცია.

“თუმცა, მხოლოდ წინასწარი მონაცემებია, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით. ​ეს მხოლოდ დათვლის დასაწყისია”, – თქვა მან.

ანდრიუშჩენკოს შეფასებით, ქალაქში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, 15 000-დან 25 000-მდე მერყეობდეს.

მისი თქმით, ბევრი მათგანი რჩება სახლების ნანგრევებში, რომელთა დემონტაჟი შეუძლებელია, რუსების უწყვეტი იერიშების გამო.

ანდრიუშჩენკოს თქმით, ქალაქს ასევე არ მიეწოდება არც ელექტროენერგია და არც წყალი.

მარიუპოლის მერის მრჩეველი ამბობს, რომ ქალაქში ასობით ათასი ადამიანი რჩება და მათი ევაკუაცია ვერ ხერხდება, ქალაქი კი “გადაშენების პირას არის”.

“ის, რაც მარიუპოლში ხდება, გენოციდიც კი არ არის. კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის განმარტება”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

9 მარტს რუსეთმა მარიუპოლის N2 სამშობიარო საავადმყოფო დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები