2007 წლის 4 ნოემბრის თათბირზე სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშშია საუბარი
2007 წლის 4 ნოემბრის თათბირი, სადაც მომიტინგეების დაშლა დაიგეგმა, მაშინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის 2008 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდა. დასკვნაში მაშინდელი ომბუდსმენი წერს, რომ თათბირის გამოსაძიებლად პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვდა, თუმცა დეპუტატებისგან პასუხი ვერ მიიღო. ანგარიშის მიხედვით, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ თათბირს მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დათა ახალაია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრბოდნენ, რომლებმაც საპროტესტო მიტინგების მონაწილეთა ცემის, მათთვის ნარკოტიკების ჩადებისა თუ სხვადასხვა მეთოდით დევნის პოლიტიკა დაგეგმეს.
სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, კომისიას წარუდგინოს ამ თათბირთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა და 4 ნოემბრის თათბირის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა, ერთხელ და სამუდამოდ, გაეცეს პასუხი კითხვას – რატომ მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევამ მიზანმიმართული პოლიტიკის ხასიათი და ვინ გეგმავს და ახორციელებს ამ პოლიტიკას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
მაშინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ანგარიში პროკურატურის გუშინდელ განცხადებაშიც მოხვდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხება.
ცნობისთვის, მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ პროკურატურას 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ორი კვირის წინ წერილობითი ჩვენება მისცა. მისივე თქმით, მან პროკურატურას ის ჩვენება მისცა, რის შესახებაც თავის დროზე სახალხო დამცველთან ისაუბრა. მაღლაფერიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული თათბირის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს და შესაბამისი ჩანაწერიც აქვს.