ესპანეთის პოლიციამ ბრაზილიიდან ევროპისკენ მიმავალი გემის შემოწმებისას, გემზე 10 ტონა კოკაინი აღმოაჩინა.
ნარკოტიკები დაახლოებით 300 ტომარაში იყო შეფუთული და მარილის სახით იყო შენიღბული. ჩამორთმეული ტვირთის ღირებულება 400 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
როგორც ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ სოციალურ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, ეს ქვეყნის ისტორიაში კოკაინის ყველაზე დიდი ამოღებაა.
გემი კამერუნის დროშის ქვეშ მიცურავდა და ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაკავებულია. ჩხრეკის დროს ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
ოპერაცია ბრაზილიის, ესპანეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით ჩატარდა.