გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი გამოავლინა

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს, უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები 50,47%-ითაა შემცირებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გამოვლენილი უკანონო ტყით სარგებლობის 1912 ფაქტიდან 1430 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 482 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2025 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 62 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება – 2024 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 2 200 ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კი, 93 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები