ალი ბაბაევი: აუცილებელია იმ კანონპროექტის განხილვა და მიღება, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარის, ალი ბაბაევის განცხადებით აუცილებელია იმ კანონპროექტის განხილვა და მიღება, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული. ამის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო კანონპროექტზე, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს ეხება. ეს საკითხი საქართველოს დღეს ნამდვილად სჭირდება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარდგენილია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი. ამის განხილვა და მიღება აუცილებელია.
მე, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, გული მტკივა იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ხდება. მიუღებელი პროცესები მიდის, მათ შორის, ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია. არიან ვაიპოლიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა გარე ძალისგან ფინანსდებიან, ანტიაზერბაიჯანულ, ანტიეროვნულ პოლტიკას ატარებენ. ეს ადამიანები ხშირად გამოდიან, იყენებენ სიტყვებს – „თათარი“, „ყიზილბაშობა“ და სხვადასხვა დისკრიმინაციულ პოსტებს წერენ, რაც გამაღიზიანებელია.
საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ერთად, მეგობრულად ცხოვრობდნენ, ამ ქვეყანას აშენებდნენ.
2005 წელს პარლამენტმა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით ჩარჩო კონვენცია მიიღო. მაშინ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებული არ იყო. ეს სააკაშვილს და მის გუნდს მაშინ უნდა მიეღოთ, მაგრამ არ მიიღეს. კანონპროექტს, რომელიც მუშავდება და პარლამენტშია წარდგენილი, მხარს ვუჭერთ. კარგი იქნებოდა, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობა ამ კანონის სრულყოფაში ჩართული ყოფილიყო“, – განაცხადა ბაბაევმა.

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე უკრაინაში მიმდინარე ომსაც გამოეხმაურა.

„უკრაინაში რაც მიმდინარეობს, ეს გენოციდია. ესაა ძმათა ომი. იცით, რომ ისინი სლავური ხალხი არიან. ის, რაც უკრაინაში ხდება, კატასტროფაა. მოქმედებს რუსეთის იმპერიული ამბიციები, ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინაშიც არიან ძალები, რომელთაც ომი აინტერესებთ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ უკრაინას დასავლელი პარტნიორების იმედი ჰქონდა. აქაც იგივე სცენარი დაიდგა, როგორიც 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის დროს იყო. ჯერ ყველანაირი დადებითი პოზიციით გამოვიდნენ როგორც ამერიკის, – ისე ევროპის მხრიდან, შემდეგ საქართველო მარტო დატოვეს. მინდა, ჩემი ხელისუფლების პოზიციას მხარდაჭერა გამოვუცხადო. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო, რომ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს, უკრაინელ ხალხს უჭერს მხარს, მათ მილიონიანი საქველმოქმედო დახმარება გაუგზავნა. ამის გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად ევროსტრუქტურებში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლების აქტიურობაა. ხელისუფლების ოპონენტები ეკონომიკურ სანქციებზე ალაპარაკდნენ. ამ ადამიანებს მხოლოდ ხელისუფლება, ძალადობა, დესტაბილიზაცია, საქართველოს ცუდ მდგომარეობაში ჩაგდება აინტერესებთ. კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთიდან შემოსულ პროდუქტს, ასევე იმას, თუ რა გადის საქართველოდან. მილიონამდე ქართველი და არაქართველი ცხოვრობს რუსეთში და იქიდან თავის ოჯახებს ეხმარებიან. ამასაც აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები