ეკა ბესელია და მეგობრობის ჯგუფის წევრები სენატორ ფილიპო ლომბარდის შეხვდნენ
საქართველო-შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და მეგობრობის ჯგუფის წევრები შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ ფილიპო ლომბარდის შეხვდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე ფილიპო ლომბარდიმ და საქართველოს შვეიცარიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით ადამიანის უფლებათა დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმისა და სხვა დარგებში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.
მართალია შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, მაგრამ კონკრეტული თანამშრომლობისა და შემდგომი ურთიერთობების კონტურები უკვე გამოიკვეთა. სტუმარი დაინტერესდა და ამომწურავი პასუხები მიიღო საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის ექსპრეზიდენტისათვის ბრალის წაყენების ფაქტთან დაკავშირებით. საქართველო-შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით: „როგორც პარტნიორი, შვეიცარია ძალიან საინტერესო და სასურველი ქვეყანაა ჩვენთვის, ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, სადაც მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ასევე, ვგეგმავთ, რომ თანამშრომლობა უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გავხადოთ”.
შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა.