ზელენსკი – კრემლის მოთხოვნებზე: მზად ვართ დიალოგისთვის და არა – კაპიტულაციისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის მიერ წაყენებულ ულტიმატუმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი ითხოვს, რომ უკრაინამ კონსტიტუციის დონეზე თქვას უარი ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე; აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად; აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

როგორც ზელენსკიმ ABC-სთან ინტერვიუში თქვა, იგი მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არა – კაპიტულაციისთვის.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა, შეასრულოს რუსეთის მოთხოვნები, ზელენსკიმ თქვა, რომ არ დანებდება.

„პირველ ყოვლისა, მე მზად ვარ დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად კაპიტულაციისთვის. რადგან ეს არ მეხება მე, ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც მე ამირჩია.

რაც შეეხება ნატო-ს – ამ საკითხის მიმართ მას შემდეგ გავცივდი, რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ალიანსს ეშინია საკამათო საკითხებისა და რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს, იყოს ქვეყანა, რომელიც „რამეს ითხოვს მუხლებზე დაჩოქილი“.

„არ ვაპირებთ, ვიყოთ ასეთი ქვეყანა და მე არ მინდა, ვიყო ასეთი პრეზიდენტი“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები