შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უკრაინაში ომის გამო დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა დღე მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, შვილსა და დეპუტატებთან ერთად, უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და ქალთა დღე მიულოცა.
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები უკრაინის მოქალაქეებს არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ და უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა უკრაინის მოქალაქეებს, ქალთა დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ემოციურად ამაღელვებელი დღეა. ამ მძიმე პერიოდში, პარლამენტის მხრიდან, გვინდოდა, რომ ქალებისთვის და გოგონებისთვის დღევანდელი დღე გაგველამაზებინა. ვეცადეთ, რომ კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა და გამოგვეხატა ჩვენი მეგობარი ერისთვის გვერდში დგომა, როგორც სულიერად, ასევე, ფიზიკურად, რათა ამ მძიმე პერიოდის გავლა შევუმსუბუქოთ. ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის ასეთი შემართებით, ყველაფერი კარგად დასრულდება და მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნება”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა, ხატია წილოსანმა. „დღევანდელი ღონისძიება არის სიმბოლური გამოხატულება იმ მხარდაჭერისა, რომელსაც საქართველო იჩენს უკრაინასთან მიმართებით.
გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღესასწაული – 8 მარტი საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალებისთვის მაქსიმალურად გაგველამაზებინა, გვეჩუქებინა მათთვის ლამაზი წუთები, მიუხედავად, იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელიც უკრაინაშია შექმნილი რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან გამომდინარე”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით შეწყვეტილი საჰაერო ფრენების გამო, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.