“თუ პუტინს უკრაინაში არ შევაჩერებთ, შემდეგი იქნება ბალტიის ქვეყნები” – ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ლატვიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ვალდის დომბროვსკისი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეჩერება ვერ მოხერხდა, მისი შემდეგ მსხვერპლი, შესაძლოა, ბალტიის ქვეყნები: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გახდნენ.
ამის შესახებ Politico წერს.
დომბროვსკისი აცხადებს, რომ ევროკავშირმა სერიოზულად უნდა მოეკიდოს რუსეთის საფრთხეს, წლების განმავლობაში მოსკოვის მიმართ ბრიუსელის ორაზროვანი პოზიციის შემდეგ.
“თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, ეს არ შეჩერდება უკრაინაში. ცხადია, პუტინი ახლა რაღაც აგრესიულ სამხედრო განწყობაზეა და, სამწუხაროდ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს აგრესია სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდეს”, – განაცხადა მან.
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა პოლიტიკოსი მოლდოვას, დომბროვსკისმა ბალტიის ქვეყნები დაასახელა.
„თუ გადავხედავთ რუსული აგრესიული რიტორიკის ესკალაციას და განცხადებებს, რომ რუსეთი მხარს უჭერს ბელარუსის ინტერესებს ბალტიის ზღვაზე გასასვლელში და მზარდი ანტიბალტიურ რიტორიკას – უკრაინის შემთხვევაშიც ეს ასევე დაიწყო, ანტიუკრაინული რიტორიკის გაძლიერებით“, – განმარტა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა.
რუსეთის მხრიდან სერიოზულ ბირთვულ საფრთხეზე საუბრისას, დომბროვსკისი ამბობს, რომ „საკითხავი ის არის, რამდენად დავექვემდებარებით ამ შანტაჟს, რადგან ის შეიძლება, მუდმივად იქნეს გამოყენებული. პუტინი გააგრძელებს თავის აგრესიულ ომებს, ის ყოველთვის გამოიყენებს ამ შანტაჟს. ეს არის გაკვეთილები, რაც ადრე უნდა გამოგვეტანა. აგრესორის დამშვიდება არ მუშაობს, აგრესორი აუცილებლად უნდა იყოს შეჩერებული ყველა საშუალებით“.