ზელენსკი: დონბასის საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ “აღიარება”
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მიერ დონბასის აღიარება/არაღიარების საკითხზე ისაუბრა და მისი მნიშვნელობა განმარტა.
როგორც მან ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, საკითხი ბევრად ღრმაა, ვიდრე მხოლოდ ტერიტორიის “აღიარება”.
მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანია იმ უკრაინელების ბედი, რომლებსაც უკრაინის შემადგენლობაში სურთ ყოფნა. უკრაინის ლიდერი კითხვას სვამს, თუ როგორ იცხოვრებს ეს ხალხი ასეთი განწყობებით, ამ ტერიტორიებზე.
ამ განცხადებით ზელენსკიმ კრემლის ულტიმატუმს უპასუხა.
კერძოდ, 7 მარტს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ უკრაინაში ცეცხლი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც უკრაინა კონსტიტუციურად იტყვის უარს ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე; აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად; აღიარებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.
“უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობ. ვფიქრობ, დროებითი ოკუპირებული ტერიტორიებისა და არაღიარებული რესპუბლიკების საკითხებზე, რომლებიც ფსევდორესპუბლიკებია და რუსეთის გარდა არავის უღიარებია, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და ვიპოვოთ კომპრომისი, თუ როგორ იცხოვრებენ ეს ტერიტორიები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იცხოვრებენ ამ ტერიტორიებზე ის ადამიანები, რომლებსაც უკრაინის შემადგენლობაში სურთ ყოფნა. ვინ იტყვის უკრაინაში, რომ ამ ხალხს მათი მიღება სურს? კითხვა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ აღიარება. ეს კიდევ ერთი ულტიმატუმია. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ ულტიმატუმების მისაღებად. ამისთვის საჭიროა, ის, რომ პუტინმა დაიწყოს საუბარი, დაიწყოს დიალოგი, იმის ნაცვლად, რომ ჟანგბადის გარეშე იყოს საინფორმაციო ბუშტში“, – თქვა ზელენსკიმ.