საყდრისთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი გამოქვეყნდა
საყდრისთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი გამოქვეყნდა.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის და ხრიდოლის აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ირაკლი ლომიძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი არის 2 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გამართული შეხვედრის ოქმი, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების გეგმა დასახეს. ამ საკითხზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმსჯელეს.
მათივე თქმით, ზემოხსენებულ შეხვედრაზე არ განუხილავთ საყდრისის არსებული სახით შენარჩუნების საკითხი. მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული რეკომენდაციის ფარგლებში იმოქმედებენ, თუმცა მიქიაშვილისა და ლომიძის ინფორმაციით, ექსპერტები ანგარიშებში მკაფიოდ მიუთითებენ, რომ საყდრისი არის უძველესი ოქროს მაღარო, მაგრამ რეკომენდაციებში მის დანგრევას მწვანე შუქს უნთებენ.